ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა
ბიოსფერული რეზერვატის ტერიტორია, განსაკუთრებით კი თუშეთი, უნიკალური კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით გამოირჩევა. აქ გვხვდება შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეები, ადგილობრივი ფიქალის ქვისგან ნაშენები სოფლები და წინაქრისტიანული ძეგლები.
ისტორიული სოფლები თავისი თავდაცვითი თუ საცხოვრებელი ციხე-კოშკებით, ადგილობრივი სალოცავებით, ეკლესიებითა და აკლდამებით ასახავენ რეგიონის რთულ ისტორიულ წარსულს და ფასდაუდებელ არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენენ. მათ შორისაა უნიკალური ისტორიული ციხე-სოფლები, როგორებიცაა ძველი დიკლო, ჭონთიო, ჰეღო, აგეურთა, წარო, კვავლო, ფარსმა, დაქიურთა, ბოჭორნა (ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი, ზღვის დონიდან 2345 მ.) და ინდურთა.
ამ მდიდარი მემკვიდრეობის ნაწილია თუშური მომთაბარეობის უძველესი ტრადიცია – "სოფელ-ბოსლობა", რომელიც მხოლოდ შენაქოშია შემორჩენილი. ის ეფუძნებოდა ზამთრში მკაცრი კლიმატური პირობების გამო, მოსახლეობის სეზონურ გადაადგილებას ბარში. ეს გადაადგილება უზრუნველყოფდა ცხვრის ფარების სეზონურ მიგრაციას და იყო აუცილებელი რესურსების ოპტიმალური გამოყენებისთვის. ეს ტრადიცია არა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობაა, არამედ მთასა და ბარს შორის არსებული კულტურული კავშირის გამოხატულება.
ადგილობრივი იდენტობა ასევე განისაზღვრება ტრადიციული პროდუქციითა და ხელნაკეთობებით. განსაკუთრებით ცნობილია მატყლის ნაწარმი (ხალიჩები, წინდები, ქუდები) და ტრადიციული საკვები (გუდის ყველი, თუშური კარტოფილი, მცენარეული ჩაი, ალუდი). აღსანიშნავია ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი, რომელიც UNESCO-მ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარა.