ახმეტაში სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

19 დეკემბერს, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ორგანიზებით, ოფიციალურად გაიხსნა სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცე.

სივრცე საზოგადოებისთვის ბიოსფერული რეზერვატის კონცეფციის გაცნობას, ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება და მომავალშიც ღია იქნება ადგილობრივი მოსახლეობისა და დაინტერესებული მხარეებისთვის.

ღონისძიებას დაესწრნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, პარტნიორი ორგანიზაციები, ადგილობრივი მოსახლეობა და პროექტის მცირე გრანტების ბენეფიციარები. მონაწილეებმა იმსჯელეს ბიოსფერული რეზერვატის როლსა და ადგილობრივი განვითარების შესაძლებლობებზე.

საინფორმაციო სივრცის შექმნა განხორციელდა პროექტის „ბიოსფერული რეზერვატები, როგორც მდგრადი განვითარების სამოდელო რეგიონები - სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის კოორდინირებული და ეფექტური მართვისთვის შესაძლებლობების განვითარება“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus) და მიხაელ ზუკოვის ფონდი (Michael Succow Foundation).

პროექტი ხორციელდება პროგრამის „პოლიტიკის დიალოგი და ცოდნის მართვა კლიმატის ცვლილების სტრატეგიების შესახებ“ (DIAPOL-CE) ფარგლებში, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს გარემოს, კლიმატის დაცვის, ბუნების კონსერვაციისა და ბირთვული უსაფრთხოების ფედერალური სამინისტროს (BMUKN) სახელით, კლიმატის საერთაშორისო ინიციატივის (IKI) მხარდაჭერით.

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის შესახებ

UNESCO-ს მიერ 2022 წელს აღიარებული სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში და 199,944 ჰექტარ ფართობს მოიცავს. რეზერვატი გამოირჩევა უნიკალური გეოგრაფიული და ეკოლოგიური მრავალფეროვნებით. იგი გადაჭიმულია ალაზნის ვაკიდან კავკასიონის ქედის მწვერვალებამდე და მოიცავს ალაზნის, თუშეთის ალაზნისა და პირიქითა ალაზნის მდინარეების წყალშემკრებს.

რეზერვატის ლანდშაფტები ზღვის დონიდან 470-დან 4,200 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს და აერთიანებს მრავალფეროვან ტყეებს, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსა და ურბანულ ტერიტორიებს, ხოლო მაღალ ზონებში - ალპურ მდელოებსა და უნიკალურ მაღალმთიან ეკოსისტემებს.

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის არეალი კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია. მიწის დეგრადაცია, მეწყრები და კლიმატური ცვლილებები საფრთხეს უქმნის როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ეკოსისტემებს. მაღალმთიან ზონებში ეს პროცესები პირდაპირ გავლენას ახდენს მყინვარებზე, მათგან მომდინარე წყლის რესურსებსა და რეგიონის უნიკალურ ფლორაზე.

სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და რეგიონის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი.

რეზერვატის მთავარი მიზანია ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება. ამასთან, ის ხელს უწყობს ტრადიციული, ეკოლოგიურად თავსებადი საქმიანობების, მათ შორის მომთაბარე მეცხვარეობის, შენარჩუნებასა და ეკომეგობრული ინოვაციების დანერგვას, მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის, მცირე ბიზნესისა და მომსახურების სფეროს განვითარებას, ასევე საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებასა და ცოდნის გაზიარებას მდგრადი განვითარების მისაღწევად.

ახმეტაში სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის საინფორმაციო სივრცე გაიხსნა

ბოლო სიახლეები